წიგნები

ნაქსოვი ქუჩების ქალაქი

Posted on Updated on

Desktop14-002
ფოტო: http://www.emmiitaranta.com/

 

დედამიწაზე დადიან არსებები, რომლებსაც სიზმრები დაავიწყდათ და ძლივსღა ახსოვთ, რომ ჩვენთვის ნაბოძები დღეები მოკლე და მყიფეა, ბედნიერება კი მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ გვეწვევა. მით უმეტეს, როცა ხმის ამოღების გეშინია.

 

ფინელი მწერალი ემი იტერანტა ქართველი მკითხველის დიდმა ნაწილმა პალიტრა L-ის იმპრინტის, ლიბერთინსის მიერ გამოცემული „წყლის საიდუმლოთი“ გაიცნო. გასულ თვეს კი იმავე გუნდმა მწერლის მეორე რომანი, „ნაქსოვი ქუჩების ქალაქი“ მოუვლინა ქართულ ლიტერატურულ სამყაროს.

განაგრძე კითხვა ►

მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა

Posted on Updated on

პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის კონკურსისთვის

 

„ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, შინ ჩამომაკითხავთ, მხეცურად გამისწორდებით და ნამდვილად არ გაგკიცხავთ ამის გამო“

bb02895fc261c9338c8bd60e71146d74

„ლიბერთინსის“ წიგნების რიგში მდგომი ადამიანების დანახვა თავისთავად სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყველაფერი ორმაგად სასიამოვნო ხდება მაშინ, როცა რიგის ბოლოს რიგიანი წიგნი გელოდება. სწორედ მსგავსი ორმაგად სასიამოვნო შემთხვევის შედეგად ჩამივარდა ხელში ჯესი ენდრიუსის „მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა“

წიგნის პირველად დანახვისას ჩემს მსგავსად ალბათ თქვენც რამდენიმეწამიანი დაბნეულობა შეგაწუხებთ. სათაურში არსებული სევდიანი განწყობა (რომელსაც სიტყვა „მომავდავი“ ამძაფრებს) და წიგნის მხიარული გარეკანი ერთი შეხედვით სულაც არ შეეფერება ერთმანეთს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა მოგვითხრობს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეზე, რომელიც, ისევ და ისევ მხოლოდ ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს სხვა წიგნებსა თუ ფილმებში არსებულ თინეიჯერი ბიჭის პერსონაჟებს -არაფრით გამორჩეულები, მაგრამ ამავე დროს ყველასაგან განსხვავებულები. ის, რაც მას სხვა თინეიჯერი პროტოტიპებისგან განასხვავებს მის ირგვლივ არსებული გარემო და ადამიანებია. გრეგის მთავარი საფიქრალი უმაღლესი სკოლის „ეკოსისტემაში“ შეუმჩნევლად არსებობა და გადარჩენისათვის ბრძოლა იყო მანამ, სანამ დედამისი მომაკვდავ გოგონასთან დამეგობრებას აიძულებდა. ახლა მისი მიზანი სიკვდილის გზაზე მდგარი გოგონას ბოლო დღეების გაფერადებაა. შეძლებს კი ამას საკუთარ თავზე ორიენტირებული, ინდიფერენტული, ნიჰილისტობისკენ მიდრეკილი თინეიჯერი?

ერლი ერთადერთი ბიჭია, რომელსაც გრეგი მეგობრად თვლის. მათ შორის მეგობრობის გარდა საქმიანი ურთიერთობაც არსებობს-ისინი რეჟისორები არიან. ძნელია დანამდვილებით თქვა მეგობრები უფრო არიან ისინი თუ კოლეგები, თუმცა ფაქტია რომ ერთმანეთს ყველაზე უკეთ უგებენ და ცხოვრების ავკარგიანობასაც ერთად აგემოვნებენ.

რეიჩელი- ასე ჰქვია მომაკვდავ გოგონას. ამ ეტაპზე სულ ეს არის რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ.

ალბათ უკვე შეამჩნევდით რომ სიუჟეტში მკვეთრი კონტურების მქონე სამკუთხედი შეიკრა. არა, არა, ეს სასიყვარული სამკუთხედი არ არის. მადლობა ღმერთს! დაივიწყეთ ყველანაირი სასიყვარულო სამკუთხედი და ბანალური ისტორიები განუკურნებელი დაავადების მქონდე ადამიანებზე. ეს არის წიგნი, რომელშიც ნათლადაა გადმოცემული თუ როგორი დამაბნეველი, დამთრგუნველი და გარდამტეხი როლი შეიძლება ითამაშოს თინეიჯერის ცხოვრებაში მისი მეგობრის განუკურნებელმა დაავადებამ. ეს არის წიგნი სადაც ლევკემიას, ცხოვრების ამ გასაოცარ სისასტიკეს, ცრემლების ნაცვლად იუმორი უპირისპირდება. რომანში ვერ ნახავთ სევდიანი მუსიკის ფონზე აცრემლებულ, არარსებულ მომავალზე მეოცნებე ან ცვრიან ბალახზე უმისამართოდ მოხეტიალე პერსონაჟებს. სამაგიეროდ ნახავთ ადამიანს რომელიც მომაკვდავ გოგონას სრული სერიოზულობით ეკითხება სამომავლო გეგმების შესახებ.

წიგნში უხვადაა უხერხული, ზოგჯერ კონკრეტული სიტუაციისთვის უადგილო რეპლიკები თუ მოქმედებები, მაგრამ ეს სულაც არ ტოვებს კონტექსტიდან ამოვარდნილობის შთაბეჭდილებას, პირიქით, რეალობის შეგრძნებას ამძაფრებს და შიშველი სიმართლის წინაშე გვაყენებს, სიმართლის, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლისას ყველა ჩვენგანს საკუთარი გაგვაჩნია. „მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა“ თინეიჯერული სიმართლის ამბავია.

კითხვის პროცესში წიგნის გმირები არასერიოზულ, ცინიკოს და შეიძლება უგულო ადამიანებადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მჯერა აზრს მალევე შეიცვლით და „ბოლოს და ბოლოს დარწმუნდებით, რომ მომაკვდავი გოგონას გვერდით ყოფნა ადამიანებს ბევრ რამეს აიძულებს, თვით მათნაირ უხასიათო, უსუსურ კინორეჟისორებსაც კი.“

„მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა“ თანამედროვე, მარტივი ამერიკული ინგლისურით დაწერილი წიგნია, რაც ერთის მხრივ მეტად ავთენტურს ხდის მას და დღევანდელი ამერიკელი თინეიჯერების ყოველდღიური სასაუბრო ენით გვესაუბრება, მეორე მხრივ კი ერთიორად ართულებს წიგნის თარგმნას სხვა ენაზე. ქართულმა გამოცემამ ვფიქრობ შეძლო ამ სირთულის გადალახვა და მკითხველს საკმაოდ მაღალი დონის თარგმანი შესთავაზა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

მომაკვდავი გოგონას და მისი მეგობრების ამბავი ბევრ თქვენგანს თვალებს აუცრემლიანებს, გულიანად გააცინებს, ცხოვრებაზეც დააფიქრებს და საერთო ჯამში გულგრილს არავის დატოვებს-მარტივად რომ ვთქვათ, ყველა წინაპირობა სახეზეა იმისთვის რომ ეს წიგნი თქვენი ფავორიტი YA რომანი გახდეს.

 

 

მე, ბებია და გიორგი კეკელიძე სხვა პიცერიაში

Posted on Updated on

 

ფოტო: lit.ge
ფოტო: lit.ge

პოეზიიდან პროზაში პორტირების დაუსრულებელი პროცესი გიორგი კეკელიძისთვის  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მწერალი 2014-2015 წლების ეროვნული ბესტსელერის ავტორად მოგვევლინა. ავტორის “გურულმა დღიურებმა” მკითხველის გული ელვის სისწრაფით დაიპყრო და ჩემი წიგნების თაროზეც ჰპოვა ადგილი. ეს პოსტი კეკელიძის სულ სხვა ნამუშევარს ეხება, სხვა დეტექტივს, თუმცა “გურული დღიურების”  გახსენება აუცილებელზე აუცილებელი გახლდათ.

ბებიაჩემს არ უყვარდა მცირე მოცულობის წიგნები, ბუკლეტებად მოიხსენიებდა და ამრეზით უყურებდა. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ლიტერატურა ის სფეროა, სადაც ზომას მნიშვნელობა არ აქვს-მთავარია, როგორ გამოიყენებს ავტორი თავის იარაღს- კალამსა და ფურცელს(ან კლავიატურასა და word-ს). ბებიაჩემზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ბებიებზე საუბარი სხვებს გაცილებით კარგად გამოსდით და მათ კომპეტენციაში არ შევიჭრები.  “სიკვდილი პიცერიაში” კი მართლაც და ბუკლეტივით წიგნია, რომელიც ახერხებს და 72 გვერდში ატევს უამრავ ცარიელ გვერდს, წინასიტყვაობას, სარჩევს, მოთხრობილ ამბავსა და გამომცემლობისა და შპს “კოლორისადმი” მიძღვნილ გვერდებსაც კი.

განაგრძე კითხვა ►

ბესტსელერი ბრჭყალებითა და მათ გარეშე

Posted on

-ვერც სამოთხის ინტერნეტს დავიჭერთ?

-ვიჭერთ, მაგრამ პაროლი არ ვიცით.

IMG_6352

საკუთარი წიგნის პირველ გვერდზე ეს წარწერა პრეზენტაციაგადავლილმა ავტორმა დატოვა.. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ნათელი წარმოდგენა იმაზე თუ რა  ჯოჯოხეთგადავლილიც ყოფილა.. განაგრძე კითხვა ►

☑ Show Password: ლაშა ბუღაძის “LUCRECIA515”

Posted on Updated on

1607108_10151914299519211_1023678089_n
ფოტო: https://www.facebook.com/bakursulakauripublishing

მითხარი შენი პაროლი და გეტყვი ვინ ხარ შენ!  თუმცა არა, გაცილებით მეტი რამის თქმა შემიძლია…

სანდროს ყავს ცოლი-ქეთი და  შვილი-ნიკუშა. თუმცა ეს ორი “ფაქტორი” ხელს არ უშლის დაუკავშირდეს, შეხვდეს და სექსუალური ფანტაზიები რეალობად აქციოს ვინმე სოფიოსთან, ლელასთან, თიკოსთან, ვიკასთან…  მოკლედ, სანდრო თანამედროვე დონ ჟუანია, კლასიკურისგან ბევრად განსხვავებული.

მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება როდესაც  ანას შეხვდება. მათი ურთიერთობა დაიწყო ფრაზით “ჩაი ხომ არ დაგველია?”, გაგრძელდა მთავარი გმირის არასრულფასოვნების კომპლექსის არაერთი გამოვლინებით  და სადღაც ბოლოსკენ სანდროს შარვალჩახდილი სიდედრიც კი ჩაერთო საქმეში.

განაგრძე კითხვა ►

ტურაშვილი დოდოს მოლოდინში

Posted on Updated on

IMG_20130123_223815ამ ივენთის შესახებ ჩემმა ერთ–ერთმა მეგობარმა შემატყობინა და მაშინვე დაუფიქრებლად  დავაჭირე “Going”-ს.

აბა რად უნდოდა დაფიქრება იმას, რომ ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი მწერლის საჯარო ლექციაზე უნდა წავსულიყავი  ჩემივე ქალაქის უნივერსიტეტში. ასეთი შეხვედრები ჩემთვის ცოტა უცხოა და გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა მომესმინა ადამიანისთვის, რომელიც ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართველი მწერალია. ადამიანისთვის, რომლის გამოც გადაცემა “შუადღეს” ვუყურებდი ორშაბათობით. (ახლა პარასკეობით არის და ეს ცვლილება ცოტა არ მომეწონა:)

დღეს ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწერალ დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „დემოკრატიული ღირებულებები ქართულ მწერლობაში“.

ლექცია ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, დათოს დამსახურება იყო.  მწერალმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე საუკუნის წინ შექმნილი ქართული ნაწარმოებები სულ სხვა კუთხით დაგვანახა და ლოგიკური პარალელები გაავლო დღევანდელ რეალობასთან.  ლექციის მიმდინარეობისას მწერალს არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი აპლოდისმენტებით, რადგან მისი გამოთქმული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე პუბლიკის დიდი ნაწილის მოსაზრებებს ემთხვეოდა.  ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის მთავარი თემა  პარლამენტის ქუთაისში დარჩენა–არ დარჩენის საკითხი იყო.  ტურაშვილის თქმით, მას ჯერ ვერავინ ვერ დაუსახელა არგუმენტირებული მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს პარლამენტი ქუთაისში. იგი მომხრეა რომ საკანონმდებლო ორგანო ჩვენს ქალაქში დარჩეს და მის ამ მოსაზრებას მთელი აუდოტორია ერთსულოვნად ვიზიარებდით.

განაგრძე კითხვა ►

Windows On The World – ფრედერიკ ბეგბედერი- ციტატები

Posted on Updated on

windows-on-the-world1

“როგორ შეიძლება გავიგოთ რა მოხდა 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში? ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: გამოვიგონოთ…”

ფრედერიკ ბეგბედერი ცნობილი თანამედროვე ფრანგი მწერალია. იგი ქართველ მკითხველის თავისი გახმაურებული “99 ფრანკის” წყალობით დაუახლოვდა. თუმცა ამ წიგნის გარდა მისი შემოქმედება რამდენიმე ნოველას და ესეს ითვლის. ერთ-ერთი ამ ნოველათაგანია Windows on The World ანუ ფანჯრები მსოფლიოზე. წიგნი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტზე მოგვითხრობს ორი მთავარი გმირის მეშვეობით. წიგნზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და არც მისდამი ჩემს დამოკიდებულებას მოგახსენებთ, რადგან ამ პოსტის მთავარი თემა ეს არ არის. 99 ფრანკის მსგავსად “ფანჯრები მსოფლიოზე” სავსეა უამრავი საინტერესო და დამაფიქრებელი ავტორისეული აზრებითა და გამონათქვამებით.  ამ პოსტში ჩემს ფავორიტებს შემოგთავაზებთ(ციტატების შერჩევისას პროვოკაციულობა მთავარ კომპონენტად არ მიმიჩნევია)

Read the rest of this entry »