ნაქსოვი ქუჩების ქალაქი

Posted on Updated on

Desktop14-002
ფოტო: http://www.emmiitaranta.com/

 

დედამიწაზე დადიან არსებები, რომლებსაც სიზმრები დაავიწყდათ და ძლივსღა ახსოვთ, რომ ჩვენთვის ნაბოძები დღეები მოკლე და მყიფეა, ბედნიერება კი მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ გვეწვევა. მით უმეტეს, როცა ხმის ამოღების გეშინია.

 

ფინელი მწერალი ემი იტერანტა ქართველი მკითხველის დიდმა ნაწილმა პალიტრა L-ის იმპრინტის, ლიბერთინსის მიერ გამოცემული „წყლის საიდუმლოთი“ გაიცნო. გასულ თვეს კი იმავე გუნდმა მწერლის მეორე რომანი, „ნაქსოვი ქუჩების ქალაქი“ მოუვლინა ქართულ ლიტერატურულ სამყაროს.

რომანი ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება და დისტოპიური შინაარსის ამბავს მოგვითხრობს. მთავარი გმირი, ელიანა, ცხოვრობს ნაქსოვი ქუჩების მქონე კუნძულზე, სადაც სიზმრების ნახვა სასტიკად აკრძალულია. იგი  გარეგნულად არსებულ სისტემას დამორჩილებული, ერთი ჩვეულებრივი მქსოველია, შინაგანად კი მასში ტიპური მეამბოხე ცხოვრობს, რომელსაც საბოლოო აჯანყებისთვის მეტ თავდაჯერებულობასთან ერთად თანამოაზრეებიც სჭირდება. მის ერთფეროვან ცხოვრებაში გარდამტეხ როლს თამაშობს ენაამოგლეჯილი გოგონას გამოჩენა, რომლის ხელზე ამოსვირინგებული სახელით შეიძლება დადგინდეს თუ რატომ გადაიკვეთა საბედისწეროდ მისი და ელიანას გზები. ელიანასა და თანამოაზრეების დაბრკოლებებით აღსავსე ბრძოლა არსებული სისტემისა და ამ სისტემის სათავეში მყოფი უსახო (ყველანაირი გაგებით) საბჭოს წინააღმდეგ ძალიან ჰგავს სხვა მსგავსი შინაარსის წიგნებს, მაგალითად კოლინზის „შიმშილის თამაშებს“ და რაღაც დოზით ორუელის „1984″-საც კი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, იტერანტას გამორჩეული გმირები და ზღაპრული სამყარო თანაბრად დააინტერესებს როგორც ე.წ YA მკითხველს ისე სხვა დანარჩენსაც.

დისტოპიის, როგორც ჟანრის ერთ-ერთი მახასიათებელი სიუჟეტის მომავალ დროში განვითარებაა, თუმცა „ნაქსოვი ქუჩების ქალაქის“ გაცნობისას მკითხველს ეუფლება შეგრძნება, რომ სიუჟეტი თანაბარი ალბათობით შეიძლება ვითარდებოდეს როგორც მომავალში, აღსასრულის პირას მყოფ დედამიწაზე, ისე წარსულში, როცა ჯერ კიდევ სჯეროდათ ისეთი ღმერთებისა თუ კერპების არსებობის, როგორიცაა რომანში ნახსენები უთვალავი ხელის მქონე ქალწული მქსოველი. რომანში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ცნობილ სიმბოლოებს, მაგალითად რვაკბილანიან მზეს, ყოვლისმხედველ თვალს და ა.შ. წიგნში ეს სიმბოლოები წინააღმდეგობის მოძრაობის იდეებისა და თანამოაზრეების ერთიანობის გამოხატვის საშუალებაა.

შეუძლებელია მკითხველს შეუმჩნეველი დარჩეს „ნაქსოვი ქუჩების ქალაქის“ მხატვრული ღირებულება, რაც გამოიხატა მრავალფეროვან შედარებებში, ფერთა ოსტატურ თამაშში, სიმბოლიზმსა და სხვა მხატვრულ ხერხებში. ეს ყველაფერი მკითხველის თვალში ერთიორად ამაღლებს წიგნსა და მის ავტორს. სწორედ ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ რომანის ორიგინალში წაკითხვა მთელი სიამოვნება იქნებოდა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დიმიტრი გოგოლაშვილმა „წყლის საიდუმლოს“ მსგავსად ამჯერადაც ჯეროვანი თარგმანი შემოგვთავაზა.

პ.ს. ვისაც „წყლის საიდუმლო“ წაგიკითხვათ, გემახსოვრებათ, რომ წყალი იტერანტას პირველ რომანში მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმდენად, რამდენადაც სუფთა წყალი ფუფუნებას წარმოადგენს და მისი დაუფლება ძალაუფლების მოპოვებას უტოლდება. წყალი მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება „ნაქსოვი ქუჩების ქალაქშიც“, თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა არა წყლის სიმცირე, არამედ ისეთი ბუნებრივი მოვლენებია, როგოროციაა წყალდიდობა, წყლის მიქცევა-მოქცევა და ა.შ. წყლის ამგვარი მნიშვნელობა იტერანტას შემოქმედებაში ნამდვილად საინტერესო ფაქტია, თუმცა არა საკვირველი, რადგან ალბათ შეუძლებელია მწერალმა გვერდი აუაროს წყლის ფაქტორს მაშინ, როცა მისი სამშობლო ფინეთი ანუ ათასი ტბის ქვეყანაა.

ბლოგის რეიტინგი: ★★★✰✰

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s