მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა

Posted on Updated on

პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის კონკურსისთვის

 

„ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, შინ ჩამომაკითხავთ, მხეცურად გამისწორდებით და ნამდვილად არ გაგკიცხავთ ამის გამო“

bb02895fc261c9338c8bd60e71146d74

„ლიბერთინსის“ წიგნების რიგში მდგომი ადამიანების დანახვა თავისთავად სასიამოვნოა, მაგრამ ეს ყველაფერი ორმაგად სასიამოვნო ხდება მაშინ, როცა რიგის ბოლოს რიგიანი წიგნი გელოდება. სწორედ მსგავსი ორმაგად სასიამოვნო შემთხვევის შედეგად ჩამივარდა ხელში ჯესი ენდრიუსის „მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა“

წიგნის პირველად დანახვისას ჩემს მსგავსად ალბათ თქვენც რამდენიმეწამიანი დაბნეულობა შეგაწუხებთ. სათაურში არსებული სევდიანი განწყობა (რომელსაც სიტყვა „მომავდავი“ ამძაფრებს) და წიგნის მხიარული გარეკანი ერთი შეხედვით სულაც არ შეეფერება ერთმანეთს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა მოგვითხრობს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეზე, რომელიც, ისევ და ისევ მხოლოდ ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს სხვა წიგნებსა თუ ფილმებში არსებულ თინეიჯერი ბიჭის პერსონაჟებს -არაფრით გამორჩეულები, მაგრამ ამავე დროს ყველასაგან განსხვავებულები. ის, რაც მას სხვა თინეიჯერი პროტოტიპებისგან განასხვავებს მის ირგვლივ არსებული გარემო და ადამიანებია. გრეგის მთავარი საფიქრალი უმაღლესი სკოლის „ეკოსისტემაში“ შეუმჩნევლად არსებობა და გადარჩენისათვის ბრძოლა იყო მანამ, სანამ დედამისი მომაკვდავ გოგონასთან დამეგობრებას აიძულებდა. ახლა მისი მიზანი სიკვდილის გზაზე მდგარი გოგონას ბოლო დღეების გაფერადებაა. შეძლებს კი ამას საკუთარ თავზე ორიენტირებული, ინდიფერენტული, ნიჰილისტობისკენ მიდრეკილი თინეიჯერი?

ერლი ერთადერთი ბიჭია, რომელსაც გრეგი მეგობრად თვლის. მათ შორის მეგობრობის გარდა საქმიანი ურთიერთობაც არსებობს-ისინი რეჟისორები არიან. ძნელია დანამდვილებით თქვა მეგობრები უფრო არიან ისინი თუ კოლეგები, თუმცა ფაქტია რომ ერთმანეთს ყველაზე უკეთ უგებენ და ცხოვრების ავკარგიანობასაც ერთად აგემოვნებენ.

რეიჩელი- ასე ჰქვია მომაკვდავ გოგონას. ამ ეტაპზე სულ ეს არის რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ.

ალბათ უკვე შეამჩნევდით რომ სიუჟეტში მკვეთრი კონტურების მქონე სამკუთხედი შეიკრა. არა, არა, ეს სასიყვარული სამკუთხედი არ არის. მადლობა ღმერთს! დაივიწყეთ ყველანაირი სასიყვარულო სამკუთხედი და ბანალური ისტორიები განუკურნებელი დაავადების მქონდე ადამიანებზე. ეს არის წიგნი, რომელშიც ნათლადაა გადმოცემული თუ როგორი დამაბნეველი, დამთრგუნველი და გარდამტეხი როლი შეიძლება ითამაშოს თინეიჯერის ცხოვრებაში მისი მეგობრის განუკურნებელმა დაავადებამ. ეს არის წიგნი სადაც ლევკემიას, ცხოვრების ამ გასაოცარ სისასტიკეს, ცრემლების ნაცვლად იუმორი უპირისპირდება. რომანში ვერ ნახავთ სევდიანი მუსიკის ფონზე აცრემლებულ, არარსებულ მომავალზე მეოცნებე ან ცვრიან ბალახზე უმისამართოდ მოხეტიალე პერსონაჟებს. სამაგიეროდ ნახავთ ადამიანს რომელიც მომაკვდავ გოგონას სრული სერიოზულობით ეკითხება სამომავლო გეგმების შესახებ.

წიგნში უხვადაა უხერხული, ზოგჯერ კონკრეტული სიტუაციისთვის უადგილო რეპლიკები თუ მოქმედებები, მაგრამ ეს სულაც არ ტოვებს კონტექსტიდან ამოვარდნილობის შთაბეჭდილებას, პირიქით, რეალობის შეგრძნებას ამძაფრებს და შიშველი სიმართლის წინაშე გვაყენებს, სიმართლის, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლისას ყველა ჩვენგანს საკუთარი გაგვაჩნია. „მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა“ თინეიჯერული სიმართლის ამბავია.

კითხვის პროცესში წიგნის გმირები არასერიოზულ, ცინიკოს და შეიძლება უგულო ადამიანებადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ მჯერა აზრს მალევე შეიცვლით და „ბოლოს და ბოლოს დარწმუნდებით, რომ მომაკვდავი გოგონას გვერდით ყოფნა ადამიანებს ბევრ რამეს აიძულებს, თვით მათნაირ უხასიათო, უსუსურ კინორეჟისორებსაც კი.“

„მე, ერლი და მომაკვდავი გოგონა“ თანამედროვე, მარტივი ამერიკული ინგლისურით დაწერილი წიგნია, რაც ერთის მხრივ მეტად ავთენტურს ხდის მას და დღევანდელი ამერიკელი თინეიჯერების ყოველდღიური სასაუბრო ენით გვესაუბრება, მეორე მხრივ კი ერთიორად ართულებს წიგნის თარგმნას სხვა ენაზე. ქართულმა გამოცემამ ვფიქრობ შეძლო ამ სირთულის გადალახვა და მკითხველს საკმაოდ მაღალი დონის თარგმანი შესთავაზა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

მომაკვდავი გოგონას და მისი მეგობრების ამბავი ბევრ თქვენგანს თვალებს აუცრემლიანებს, გულიანად გააცინებს, ცხოვრებაზეც დააფიქრებს და საერთო ჯამში გულგრილს არავის დატოვებს-მარტივად რომ ვთქვათ, ყველა წინაპირობა სახეზეა იმისთვის რომ ეს წიგნი თქვენი ფავორიტი YA რომანი გახდეს.

 

 

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s