მე, ბებია და გიორგი კეკელიძე სხვა პიცერიაში

Posted on Updated on

 

ფოტო: lit.ge
ფოტო: lit.ge

პოეზიიდან პროზაში პორტირების დაუსრულებელი პროცესი გიორგი კეკელიძისთვის  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მწერალი 2014-2015 წლების ეროვნული ბესტსელერის ავტორად მოგვევლინა. ავტორის “გურულმა დღიურებმა” მკითხველის გული ელვის სისწრაფით დაიპყრო და ჩემი წიგნების თაროზეც ჰპოვა ადგილი. ეს პოსტი კეკელიძის სულ სხვა ნამუშევარს ეხება, სხვა დეტექტივს, თუმცა “გურული დღიურების”  გახსენება აუცილებელზე აუცილებელი გახლდათ.

ბებიაჩემს არ უყვარდა მცირე მოცულობის წიგნები, ბუკლეტებად მოიხსენიებდა და ამრეზით უყურებდა. მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ ლიტერატურა ის სფეროა, სადაც ზომას მნიშვნელობა არ აქვს-მთავარია, როგორ გამოიყენებს ავტორი თავის იარაღს- კალამსა და ფურცელს(ან კლავიატურასა და word-ს). ბებიაჩემზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ბებიებზე საუბარი სხვებს გაცილებით კარგად გამოსდით და მათ კომპეტენციაში არ შევიჭრები.  “სიკვდილი პიცერიაში” კი მართლაც და ბუკლეტივით წიგნია, რომელიც ახერხებს და 72 გვერდში ატევს უამრავ ცარიელ გვერდს, წინასიტყვაობას, სარჩევს, მოთხრობილ ამბავსა და გამომცემლობისა და შპს “კოლორისადმი” მიძღვნილ გვერდებსაც კი.

შედარებით ადრე გამოცემულ წიგნებში ხშირად წამიკითხავს ექსტაზამდე მისული აღტკინებით დაწერილი რამდენიმე გვერდი ავტორის შინაგან სამყაროზე, მის განცდებსა და სულიერ ტანჯვაზე, იმაზე თუ როგორ მოხერხებულად და ოსტატურად გადმოცემს იგი თავის სათქმელს.  არ მეგონა თუ წიგნებს მსგავს წინასიტყვაობებს ისევ ურთავდნენ. ზემოთ ნახსენები 72 გვერდიდან 4 სწორედ წინასიტყვაობას უკავია და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ გვერდების წაკითხვაზე უფრო მეტი დრო დავხარჯე ვიდრე წიგნის დანარჩენ ნაწილზე. რაღა დაგიმალოთ და წიგნის ამ ნაწილს პატარა სქოლიო დაამშვენებდა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ავტორის შემოქმედებას არანაირად არ აკნინებს, უბრალოდ წიგნის შეფასებისას რთულია მსგავს ფაქტორს გვერდი აუარო.

დროა თავად ამბავზე, პიცერიაში სიკვდილზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. მინირომანი ჩვენს ირგვლის არსებულ რეალობას ირეკლავს და ყურადღებას ამახვილებს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, საზოგადოებაში გამეფებული მანკიერი მენტალიტეტი და სხვა.  სოციალური თემატიკა ლაითმოტივად გასდევს რომანს და რჩება შთაბეჭდილება რომ დეტექტივს კი არა, დეტექტივად შერაცხულ სოციალურ სატირას კითხულობ- “სხვა დეტექტივს”.  როგორც მიხვდით, თემა არახალი და ქართული თანამედროვე ლიტერატურის (და ტელევიზიის) მიერ არაერთხელ დაღეჭილ-გადაყლაპულ-მონელებულია. მიუხედავად ამისა, “დეტექტივის” საფარველი რომანს მაინც გაყიდვადს ხდის და დარწმუნებული ვარ ბევრმა, ჩემს მსგავსად, სწორედ ამ საფარველის გამო შეიძინა.

კეკელიძე ამ შემთხვევაშიც არ ივიწყებს მშობლიურ კუთხეს და გურია კვლავ მნიშვნელოვან შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს. უფრო მეტიც, წიგნში მოქმედება გურიაში იწყება და გურიაშივე მთავრდება. ალაგ-ალაგ წარსულის აჩრდილებსაც შეხვდებით ბებიისა და სხვა ახლო თუ შორეული ნათესავ-ნაცნობების სახით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი აჩრდილი გვევლინება რომანის მთავარ მოქმედ გმირად თავად ავტორის შემდეგ. “სიკვდილი პიცერიაში” შესაძლოა “გურული დღიურების” გაგრძელებადაც კი მოგეჩვენოთ. მე პირადად მათ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც ახალ წიგნს მისი წინამორბედისგან გამოარჩევს ხელოვნურად შეკოწიწებული დეტექტიური სიუჟეტია.

ავტორის თაყვანისმცემლები ქებით მოიხსენიებენ მის გამორჩეულ, მარტივ წერის სტილს და იუმორს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ “გურული დღიურები” სავსებით საკმარისი იყო ამ ყველაფრის სადემონსტრაციოდ.  “სიკვდილი პიცერიაში” ჩვეულებრივ ბლოგზე განთავსებულ კიდევ უფრო ჩვეულებრივ ჩანაწერს გავს, რომელსაც, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, რომელიმე კრებულში თუ უნდა გემოეძებნოს ადგილი, არათუ დამოუკიდებელ წიგნად დაიბეჭდოს. გამომცემლობა “პალიტრა ლ”-ს თუ დავუჯერებთ, “სიკვდილი პიცერიაში” უკვე გახდა ბესტსელერი. ვფიქრობ, მინირომანის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ხელოვნურადაა გამოწვეული და სინამდვილეში კეკელიძის ბოლო ნამუშევარი სულაც არ იმსახურებს ასეთი მასშტაბების გამოხმაურებას(მიუხედავად იმისა რომ ეს პოსტიც მას ეძღვნება).

როგორც ავტორი  ამბობს, “სიკვდილი პიცერიაში” სხვა დეტექტივია. ვფიქრობ სიტყვა “სხვა”  ავტორისათვის არაჩვეულებრივი საშუალებაა  თავი აარიდოს ზედმეტ განმარტებებს და აბსტრაქტულ-სუბიექტური ახსნა მოუძებნოს იმას თუ რასთან გვაქვს საქმე ამ წიგნის სახით.

 

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s