პარადოXი- ახალი სერიალი GDS-ზე

Posted on Updated on

1488772_586304711423769_518689648_n

გუშინ, 2 თებერვალს, ქართველი ტელემაყურებელი უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრე გახდა: ეროვნულ ტელესივრცეში გავიდა პირველი ქართული ფანტასტიკა- “პარადოქსი”.

ზოგადად, დადებითი ფაქტია ის, რომ ქვეყანაში არსებობს ტელეკომპანია, რომელიც ინოვაციურობით გამოირჩევა და მაყურებელს სთავაზობს როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივ, მაღალი ხარისხის მქონე პროდუქტს. სწორედ ამ უკანასკნელს წარმოადგენს “პარადოქსი”.

*Spoilers

I სერიის სიუჟეტის მოკლე აღწერა:  თბილისში ვრცელდება უცნობი ვირუსის ეპიდემია,  რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.  თორნიკე გოგრიჭიანისა და ნანკა კალატოზიშვილის გმირები ამ დროს მეტროში იმყოფებიან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე პირველი სერიის დაახლოებით 30 წუთს იმავე ლოკაციაზე ატარებენ: გაურბიან ინფიცირებულ ადამიანებს (რომლებიც ძალიან ჰგვანან, მაგრამ არ არიან ზომბები), იხვევენ ჭრილობებს, ეძებენ უსაფრთხო გასასვლელს და ა.შ.   პირველი სერიის ერთგვარი პიკი იყო თბილისის მეცნიერებათა აკადემიის კოშკის სახურავზე გამოსული უცნობი არსება (რომელიც არც ზომბია, არც ინფიცირებული ადამიანი, თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს რობოტებს ფილმიდან “მე რობოტი”). ამის შემდეგ მთავარი გმირები ისევ გარბიან, ახლა უკვე ელენეს (კალატოზიშვილი) შვილის მოსაძებნად, გზაში თავდაცვის სამინისტროს მანქანას ეჯახებიან და სწორედ აქ, ძალიან საინტერესო მომენტში სრულდება პირველი სერია.

ფოტო: https://www.facebook.com/ParadoxGDS
ფოტო: https://www.facebook.com/ParadoxGDS

ხო, ახალი თითქოს არაფერი, მაგრამ ის ფაქტი, რომ სერიალში განვითარებული სიუჟეტი საქართველოში ხდება “პარადოქსს” უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.  ვფიქრობ, ბევრი ჩვენგანისთვის, ოდნავ რთული იქნება ერთდროულად გადავხარშოთ ეკრანზე ნაჩვენები მოვლენები და ის ადგილი, სადაც  ისინი ვითარდებიან, რადგან ალბათ დამეთანხმებით, რომ ზომბები, რობოტები და მსგავსი არსებები ნიუ-იორკის მეტროს უფრო “უხდება” ვიდრე თბილისისას.  დიახ, ქართული კინო და ტელე სამყაროსთვის ასეთი რამ უცხოა და კიდევ დიდხანს დარჩებოდა ასე, რომ არა GDS და ის გუნდი, რომელიც “პარადოქსზე” მუშაობს.

პირველი სერიის ყურებისას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სერიალის შემქმნელებს ზედმეტად დიდი ყურადღება აქვთ დათმობილი ცალკეულ ეფექტებზე, მაგალითად ინფიცირებული ადამიანების გრიმის დემონსტრაციაზე. კი, გასაგებია რომ ეს მნიშვნელოვანია, კარგად იმუშავეთ და არაჩვეულებრივადაც გამოგივიდათ, მაგრამ მსგავსი ეფექტები ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ არის. ის რაც ჩვენთვის ნამდვილად უცხო და სანატრელია, არის ქართველი მსახიობების კარგი, ადეკვატური და სიუჟეტს მორგებული თამაში, რისი ნაკლებობაც, სამწუხაროდ “პარადოქსშიც” იგრძნობოდა.  პარადოქსია, მაგრამ საზოგადოების მიერ ნიჭიერ მსახიობებად აღიარებულ ადამიანებს, ხშირად ეკრანზე ვერ გამოაქვთ ის, რაც კარგ იდეას, რეჟისურასა და პროდიუსინგს მარილის მოყრის ეფექტს დაუმატებს.

ძალიან ბევრი ადამიანია სცენარით უკმაყოფილო- დიალოგების( ზოგადად საუბრის) ნაკლებობა იყოო. კი, ნამდვილად ასე იყო და ეს პრობლემა არ იქნებოდა რომ არა ერთი ფაქტი- ჩვენ ეს შევამჩნიეთ და არ გვესიამოვნა.    ნამუშევარი მაშინაა საუკეთესოდ შესრულებული, როცა 30 წუთის განმავლობაში, მაყურებელს მსახიობების მიერ ნათქვამ ორ სიტყვას გააგონებ, მაგრამ დიალოგების ნაკლებობას, სხვა ღირსებების ხარჯზე, არ შეამჩნევინებ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, “პარადოქსს” ეს ვერ გამოუვიდა.

საბოლოო ჯამში პირველი ქართული ფანტასტიკის პირველი სერიით კმაყოფილი დავრჩი. ვფიქრობ, სერიალის შემქმნელები ამდენ შრომას წყალში არ ჩაყრიან და “პარადოქსის” სიუჟეტს სწორ მიმართულებას მისცემენ- ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.  სხვა შემთხვევაში, სერიალი მორიგი ქართული წარუმატებელი პროექტი იქნება.

ჩვენ, კინოსა და სერიალების მოყვარულთ, გვიყვარს ხოლმე  ქულების დაწერა ამა თუ იმ ფილმისა და სერიალის შეფასების სახით.   “პარადოქსის” პირველ სერიას ხუთბალიანი სისტემით შევაფასებ და ზემოთ ნახსენები რამდენიმე მინუსის გათვალისწინებით 3 ქულას დავუწერ.

ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება თუ “პარადოქსი” მაყურებლის იმედებს გაამართლებს და ქართული ტელევიზიის ისტორიაში ფანტასტიკური ჟანრის პირველი წარმომადგენლის ტიტულს ღირსეულად ატარებს. კიდევ უფრო ნასიამოვნები, გახარებული  და ამაყი ვიქნები თუ ქართულ პროდუქტს უცხოური ტელევიზიების ლოგოს ქვეშ ვიხილავ, “პარადოქსს” ამის პერსპექტივა ნამდვილად აქვს.

დააფიქსირე შენი აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s